ოპოზიციამ "სუსთან" საგანგებო ბრიფინგი გამართა 

15 სექტემბერი 2021, 21:28 1055 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პოლიტიკური გაერთიანება "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგანგებო ბრიგინგი გამართეს.

ნიკა მელიამ ქარელში "მთავარი არხის" დაშავებულ ოპერატორს სოლიდარობა გამოუცხადა და განაცხადა, რომ მომხდარს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

"სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და სოლიდარობა "მთავარ არხს" და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს, ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა - არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი აქ სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი - ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს" - განაცხადა მელიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, 2 ოქტომბერს მოქალაქეებმა არჩევანი ღირსების და თავისუფლების სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.

"ადამიანის ჯანმრთელობა არის საფრთხეში და ჩვენ დღეს გვიწევს იმაზე ლაპარაკი, რომ ადამიანი ვინც ჩვენ გვემსახურება, ჩვენი ქალაქის მოქალაქეებს, იღებს კადრს და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ულეწავენ ძვლებს. ამიტომ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაქვს არჩევანი. ჩვენ არავის დავუტოვებივართ არჩევანის გარეშე და ჩვენი არჩევანი არის იმის თქმა, რომ 2 ოქტომბერს არ ვნებდებით, არ ვშინდებით. არ ვაპირებთ, რომ გავხდეთ ტერიტორია, სადაც ადამიანებს კლავენ. ჩვენ მივდივართ და ვაკეთებთ არჩევანს ადამიანის ღირსების, თავისუფლების, პატივისცემის სასარგებლოდ", - განაცხადა ხოშტარიამ.

ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნებს უსაფრთხოების სამსახური ატარებს და არა ცესკო.

"2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი, უნდა დაინგრეს, ისევე, როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში გრძელდებოდეს მოსმენები და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი