გონიოს მოსახლეობა ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს

08 სექტემბერი 2021, 13:12 1476 ნახვა

გონიოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვს. საუბარია დაახლოებით 20 ოჯახზე. ისინი დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მივიდა. რამაზ ჯინჭარაძემ მოსახლეობას ვადა ორშაბათამდე სთხოვა და განუმარტა, რომ მინისტრი მივლინებაშია, რეგიონში არ იმყოფება, რის გამოც შეხვედრას ვერ შეძლებდა. 

თავდაპირველად მოქალაქეები უარს აცხადებენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისინი ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ვადას სამშაბათამდე მისცემენ. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, სამინისტროში უნდა დამზადდეს წერილი, რომელიც საჯარო რეესტრში გადაიგზავნება, შემდეგ კი მიწის აღიარებაზე მსჯელობა გაგრძელდება.  

''ცხრა თვეა ველოდებით პასუხს, წერილებს. ამდენი ხანია ვითმენთ, მაგრამ არაფერია ახალი. მხოლოდ დაპირება. ვიყავით მისული სამინისტროში. მინისტრმა გვითხრა, რომ თქვენი საკითხი გადაწყვეტილიაო, პარასკევამდე ყველაფერი იქნება და ორშაბათს რეესტრში აისახებაო. მივედი ორშაბათს და  უკვე მივლინებაში იყო. რატომ გავატყუებთ, დავიღალეთ'' - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

2008 წელს გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებლებს მიწის ნაკვეთები დაუკანონეს, თუმცა შეთანხმება მალევე გაუქმდა. რამდენიმე ოჯახმა სასამართლოს გზით საკუთრების უფლება აღიდგინა, ნაწილი კი მას დღემდე საპროტესტო აქციებით ცდილობს და სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გონიოს მიწების საქმეზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სპეციალური კომისია მუშაობს.

 

 

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი