ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და შესაბამისად იგი "ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს - პრემიერი

03 სექტემბერი 2021, 16:19 744 ნახვა

ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, ამის თაობაზე მან საჯაროდ განაცხადა, შესაბამისად, იგი აღარ აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

 პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობები  გამჭვირვალეა.

"თქვენი, ჟურნალისტის ვალდებულებაა, სიმართლე უთხრათ ხალხს და მე თუ ტყუილს ვამბობ, უნდა აუხსნათ ხალხს, რომ ტყუილს ამბობს პრემიერი. განზოგადებული საუბარი, რომ „ქართუ ბანკიდან“ აგრძელებს გადმორიცხვებით, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა და თვეების წინ დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ დაფინანსებასაც წყვეტს „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენი შემოწირულობები აბსოლუტურად გამჭვირვალეა, შეგიძლიათ აიღოთ სია, კარგად შეისწავლოთ და იმეცადინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ურთიერთობას ევროკავშირთან ამ მიმართულებით.

"ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო და ეს არაერთხელ განმარტეთ. მთავრობამ გადაწყვიტა ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება. იმ სესხებზე ითქვა უარი, რომელთა აღება არ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას რაიმე პრობლემას. საარჩევო კამპანიის დროს, თქვენ ნახეთ როგორ სპეკულირებდნენ ჩვენი ოპონენტები ამ სესხით. სესხი დაკავშირებული იყო სასამართლო რეფორმასთან, მოსამართლეების დანიშვნასთან. ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირთან, ვიდრე ეს ერთი კონკრეტული სესხის საკითხია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა აჩერებს თუ გადახედავს ურთიერთობას ევროკავშირთან ამ მიმართულებით. ეს სესხი არაფრით არ უკავშირდებოდა არც რიკოთის მშენებლობას, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მაღალი ალბათობით არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ მე დავავალებ ადმინისტრაციას, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განახცადა ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი