სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება - WHO და UNICEF

30 აგვისტო 2021, 12:48 8308 ნახვა

ევროპის მასშტაბით სკოლები ღია უნდა დარჩეს და პერსონალისა და ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო უნდა გახდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და იუნისეფის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში წერია, რომ აღნიშნული ზომები მოიცავს  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.

ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

"პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში" - აცხადებს დოქტორი ჰანს ჰენტრი კლუგე.

“გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები.”

ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა „დელტა“ ვარიანტისგან დასაცავად

სწრაფად გავრცელებადმა  „დელტა“ ვარიანტმა  წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

„ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება,“ აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ექსპერტების რეკომენდაციები

''სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ  კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

> სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება.

> შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია.

> შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.

> დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა.

> დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები.

> გაუმჯობდეს სასკოლო გარემო.

> ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

> აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი