საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხის მერობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის უალტერნატივო კანდიდატია. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ''ქართულმა ოცნებამ'' შვიდ არჩევნებში გაიმარჯვა, ეს კი ხალხის დამსახურებაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
''მეგრელებმა ძალიან კარგად იცით ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ჩვენი ერთობის მნიშვნელობა და შავის და თეთრის, სიკეთის და ბოროტების გარჩევა. სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, ჩვენი ხელისუფლება მართავს ქვეყანას უკვე 8 წელია და 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ.
გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. ეს იქნება ჩემი მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება. 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის; 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. ჩვენ ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას. აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი ერთ-ერთი ძალიან მშრომელი ფერმერის, ტერენტი კვარაცხელიას კარ-მიდამოში, ვნახე მისი თხილის ბაღები და მართლაც გასაოცარია ის, რაც ვნახე. დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. ეს იყო მართლაც წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთთანამშრომლობით მივიღოთ წარმატებული ფერმერი.
სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე - იტალია, მესამე ადგილზე - ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე'' - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კანდიდატებს წარადგენს ჩხოროწყუში, მარტვილსა და სენაკში.