"ქართულმა ოცნებამ" ზუგდიდის მერობის კანდიდატი წარადგინა

25 აგვისტო 2021, 21:23 812 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველ გუნდთან ერთად, "ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ქვეყანას.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, ამ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქში. ზუგდიდი არა მხოლოდ სამეგრელოს ცენტრია, არამედ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და დღეს წარმოგიდგენთ ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, რომელიც მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის და პირველ რიგში ზუგდიდელების ყოველდღიურ ინტერესებს. ჩემს გამოსვლებში მითქვამს და მინდა, გავიმეორო - „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობით მართავს ჩვენს ქვეყანას. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით, თქვენი უშუალო მონაწილეობით, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.

2012 წლის პირველი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვა თავდადება მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკა იყო, არის და იქნება დაფუძნებული თავდადებაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა და დაფუძნდა ჩვენი დიდი პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც ღირსეულად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა არჩევნებში.

ჩვენ შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ოქტომბერში, სულ რაღაც ერთ თვეში, გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი