"ქართულმა ოცნებამ" მესტიაში მერობის კანდიდატი წარადგინა

25 აგვისტო 2021, 14:18 921 ნახვა

მინდა წარმოგიდგინოთ "ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, კაცი, რომელიც მთელი გულით და სულით ემსახურება საკუთარ მხარეს, არის დაუღალავი, არ ეზარება შრომა და არც ხალხის მსახურება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მას არჩევნებზე წარმატება და გამარჯვება უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა სვანეთის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კუთხე ხალხით გამოირჩევა.

„განსაკუთრებით მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს, ამ ულამაზესი კუთხის შვილებს, ყველას მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო სვანებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ერთადერთი განცდა გაქვს - ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ საამაყოა, იყო ქართველი და ამავდროულად, გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ყველა კუთხეს და მუნიციპალიტეტს. სვანეთი გამოირჩევა მართლაც არა მხოლოდ უნიკალური სილამაზით, ბუმბერაზი მთებით, პირველ რიგში სწორედ ხალხით გამოირჩევა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. სვანები გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, სიმამაცით. თქვენ ხართ ბუმბერაზი ხალხი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ მიჩნდება ასოციაცია, ვუყურებ რა უზარმაზარ მთებს და კლდეებს, ასეთი ხალხია სწორედ ამ კუთხის შვილები, ჩვენი სვანები"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ 8- წლიანი საქმიანობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი.

„ქართული ოცნების“ 8- წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში, ცხინვალისა და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია.

მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, მსოფლიო, გაერო და ჩაერთოთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ასეთი პროვოკაციის თავის არიდების ნაცვლად, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს მათ, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმული სახე აჩვენეს მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია, ამ გამოსვლით მათ უნდა შევახსენოთ და ყოველთვის შევახსენოთ ვინ არიან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი