ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მემორანდუმი გააფორმეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ერთობლივი მუშაობის შედეგად 800-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 200-მდე ოჯახს კი საცხოვრებელი საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.