კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, 35 პროცენტი კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა - NDI-ის კვლევა

12 აგვისტო 2021, 13:17 1059 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა.

გამოკითხულთა 35 პროცენტი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა, შვიდი პროცენტის თქმით, ვაქცინა უკვე გაიკეთა, ხოლო 11 პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47 პროცენტი ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20 პროცენტი; შვიდი პროცენტი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს.

კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად.

გამოკითხულთა 37 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მთავრობა ცუდად უმკლავდება პანდემიას, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი