ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს ე.წ "იაფი სახლის" პროექტზე იმსჯელეს. როგორც საკრებულოს სხდომაზე მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.
არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი მიიღებს ბინას, რაზეც კომისიამ მუშაობა პრაქტიკულად უკვე დაასრულა.
"დაასრულა მუშაობა კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა ბენეფიციარების შერჩევა. შემდგომი ეტაპი იქნება მომდევნო 40 ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი. 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა, მივიღოთ განაცხადები და გავივლით იგივე პროცედურებს.
ბუნებრივია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული კონკრეტული ასიგნებები ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია და უნდა გაგრძელდეს სამომავლოდაც“-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.