ელენე ხოშტარიას თქმით, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ამიტომ უნდა იბრძოლონ.
''მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი. უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით ნათელი გახდა, რომ საქართველოს მთავრობას ანტიდასავლური განწყობა აქვს.
''გუშინდელი განცხადება იყო გათვლილი ერთადერთ რამეზე, რომ გააჩინოს უიმედობა და რაღაც უმოქმედობის განწყობა ჩვენს მოსახლეობაში, რომ არაფერს აზრი არ აქვს და რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წამსვლელია. სინამდვილეში, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მიშელის შეთანხმების პირველი დღიდან, „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ამ შეთანხმებას არღვევდა. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ პატივს სცემს შეთანხმებებს.
ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, ეს იყო პირველი, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ, 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და თქვენ, მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ - არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს'' - ამბობს ელელნე ხოშტარია.