აჭარაში ''ფაიზერით'' ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი

14 ივლისი 2021, 12:13 3757 ნახვა

აჭარაში ''ფაიზერით'' ვაქცინაცია მხოლოდ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნება შესაძლებელი. ამისათვის კი მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. პორტალი დღეს 15:000 საათიდან გაიხსნება. ვაქცინაციის პროცესი, 16 ივლისს, პარასკევს დაიწყება. 

რაც შეეხება ე.წ. ცოცხალ რიგს და ჯავშნის გარეშე აცრას, ამ ეტაპზე ''ფაიზერის'' შემთხვევაში აღნიშნული მოდელი არ გამოიყენება. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის  ინფორმაციით, არ არის გამორიცხული რეგიონში ''ფაიზერით'' ვაქცინაციის პროცესში სხვა კლინიკებიც ჩაერთონ და ასევე მოქალაქეებმა რეგისტრაციის გარეშეც შეძლონ იმუნიზაციის პროცესში ჩართვა. 

''ხვალისათვის ველოდებით აჭარაში შესაბამის დოზებს. განაწილება მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით, ვაქცინაცია დაიწყება მხოლოდ ერთ კლინიკაში. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 4 კაბინეტი იქნება მზად, თუმცა მომდევნო კვირიდან განიხილება  ''ფაიზერის'' განაწილება სხვა ჰოსპიტალებში. 

18 წელს ზემოთ მოქალაქეს, ნებისმიერ პირს შეუძლია დაჯავშნოს რიგი, ამაზე შეზღუდვა არ იქნება. რაც შეეხება ''ცოცხალ რიგის'', ვირტუალურ კაბინეტს რასაც ვუწოდებთ, ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, თუმცა ვაქცინაციის გაფართოებასთან ერთად განიხილება'' - განაცხადა ნინო გუგუშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, გამოკითხვით ''ფაიზერის'' ვაქცინის მსურველთა პროცენტული მაჩვენებელი შედარებით მაღალია, ჯავშნების მიხედვით კი განისაზღვრება რეგიონში რომელ ვაქცინაზეა მოთხოვნა. 

ნინო გუგუშვილის თქმით, სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა დღეში 3000 აცრა გაკეთდეს, თუმცა ამ დრომდე რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 800 იყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი