პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა

06 ივლისი 2021, 14:29 931 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. 

''ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების - „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა.

პრემიერმა ჯანდაცვის უწყებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და ჯავშნებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 160 სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ამასთან, ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელოდება ვაქცინების დამატებით დოზებს, რომელთა მოწოდება ეტაპობრივად განხორციელდება და ჯამში, წლის ბოლომდე ქვეყანაში მობილიზებული იქნება ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი