''გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსა.
''გუშინ რაც მოხდა არაა მარტივი, პატარა ამბავი, რაზეც შეიძლება, თვალი დახუჭო. გუშინ რაც მოხდა ამ ქვეყნისთვის კატასტროფა იყო! ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ესაა სიბნელე, რომელიც ამ ქვეყნის წინსვლას აფერხებს. ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ესენი არიან ჩვეულებრივი ბნელები, „ზომბების“ მასა, რომელიც გამოზარდეს, რათა ასეთ დროს გამოიყენონ.
დღეს, 20:00 საათზე საღამოს გამოდი და ჩუმად დადექი, იქ არავინ არაფერს არ გთხოვს, არც მიტინგი იქნება, არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი იქნება, არც მუსიკა იქნება და არაფერი, უბრალოდ გამოდი", — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქლაივში.
5 ივლისს განვითარებული მოვლენები იყო უდიდესი დარტყმა სახელმწიფოებრიობასა და დემოკრატიის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე - წერია ''დროას'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
''ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” მიერ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას.
მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის! - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.
მიმართვას ავრცელებს გიგა ბოკერიაც და მოუწოდებს მოქალაქეებს საკანონდებლო ორგანოსთან მივიდნენ.
''ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთის. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და პუტინისტების წინააღმდეგ'' - წერს ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი.