საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ისრაელის, კანადის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 2021 წლის პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"მხარს ვუჭერთ რა ყველა ადამიანის თანასწორობასა და მათი უფლებების დაცვას, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება საქართველოში ყველა ადამიანისთვის, გამონაკლისის გარეშე და უზრუნველყოს ამ ღონისძიებების ჩატარება უსაფრთხო გარემოში.
საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ყველა ადამიანის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს მოიცავს ლგბტქი+ ადამიანების უფლებას, მოაწყონ მანიფესტაციები და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, და მათ უფლებას, საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და დაიცვან თავიანთი უფლებები. 2014 წლიდან, საქართველოს ნიშანდობლივი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ [1] გამყარებულია კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის პრინციპით და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე.
ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია. ეს მოიცავს მოვალეობას, ხელი შეუწყონ შეკრებებს ორგანიზატორების სასურველ ადგილას და დაიცვან შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები მათგან, ვისაც შეიძლება მათი უფლებების შელახვის მცდელობა ჰქონდეთ. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი ამტკიცებს, რომ დაუშვებელია ერთი ადამიანის უფლების გამოყენება მეორე ადამიანის უფლების დარღვევისთვის.
COVID-19 პანდემიამ გაამძაფრა სოციალური და ეკონომიკური გამყოფი ხაზები და გააღრმავა საქართველოში მრავალი ადამიანის მარგინალიზაცია და უჩინარობა. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანებისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყულობის გადალახვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. საჯარო შეკრებები მოქმედი დემოკრატიის საფუძველია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ წინა მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური, სამოქალაქო და რელიგიური ლიდერების მისამართით, რომ შეებრძოლონ ყველანაირ დისკრიმინაციასა და ცრურწმენებს და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ძალადობის აღსაკვეთად და პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო დისკურსის გასამართად.
ჩვენ ერთად ვდგავართ ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.