აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

17 ივნისი 2021, 14:12 5228 ნახვა

 პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ტიტე აროშიძე და ლევან ანთაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. 

''ნეხვით სავსე ურნებით უნდა დაგხვედროდათ მოსახლეობა, არ იყავით უმაღლეს საბჭოში შემოსაშვები'' - უთხრა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ტიტე აროშიძემ, მედეა ვასაძეს. 

მოგვაინებით კი დასძინა, რომ პარტია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აკრძალვის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. 

მედეა ვასაძემ უმრავლესობის დეპუტატი გიორგი მანველიძე პარტიული აქტივის მობილიზებასა და სოციალურ ქსელში თავდასხმაში დაადანაშაულა.

"​გადავხედე იმ კომენტარებს რა კომენტარებიც იყო, იქ გასაკვირი არაფერია, ეს ის ადამიანებია, ვინც 2012 წლიდან მოდის და დაგიწერეს, ის რასაც ფიქრობდნენ. აქ რომ მე ჩავერიე ან ვინმეს დავალება მივეცი ამაზე ახსნა-განმარტებას არც გავაკეთებ" - განაცხადა გიორგი მანველიძემ მედეა ვასაძის საპასუხოდ.

აღნიშნული განცხადების გამო გიორგი კირთაძემ "ქართული ოცნების" ფრაქციის ხელმძღვანელი სიძულვილის ენის წახალისებასა და მოწოდებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ირაკლი ჭეიშვილმა და მედეა ვასაძემ ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს.

"ქართული ოცნების" დეპუტატებმა საპასუხოდ მედეა ვასაძე შანტაჟში დაადანაშაულეს.

"საქმე არ გქონდათ მეტი, ბიძინა ივანიშვილთან მიდიოდით მარტო ხაბაძე-ჭეიშვილი-ბალაძეზე ლაპარაკობდით, ვითომ სხვა პრობლემა არ იყო აჭარაში"- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. მანამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს პარლამენტში წარსადგენ საკითხებს უყარეს კენჭი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი