საქართველოს კრივის ნაკრებმა მესამე ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

08 ივნისი 2021, 12:32 1370 ნახვა

საქართველოს კრივის ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიური თამაშების მესამე ლიცენზია მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიადაზე ესკერხან მადიევი იასპარეზებს.

ოლიმპიადის საგზურისთვის ბრძოლაში მადიევმა 69 კგ.წონით კატეგორიაში უკრაინელი მოკრივე დაამარცხა და ლიცენზია მოიპოვა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით წიკლაურის განცხადებით სპორტსმენებმა ქართული კრივის ისტორია დაწერეს.

''ლიცენზია, ეს არის გზა ოლიმპიადისგან, რომელიც სამმა ქართველმა მოკრივემ წარმატებით გაიარა. ამით დაიწერა ქართული კრივის მორიგი ისტორია. თავდაუზოგავი შრომით მიღწეული იქნა მორიგი ისტორიული შედეგი'', - განაცხადა დავით წიკლაურმა.

საქართველოს კრივის ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სამი სპორტსმენი: სახილ ალახვერდოვი, ესკერხან მადიევი და გიორგი ხარაბაძე წარმოადგენს.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების და ოლიმპიელთა ფიცის დადების ცერემონია 14 ივლისს გაიმართება.

ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში