სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის შვიდი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანის მოთხოვნით, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელმა სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.
ანა არგანაშვილის განცხადებით, ის რომ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ პანსიონიდან მოხდა ბავშვების გამოყვანა ეს იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლოს აღსრულება დაიწყეს. არ ასაჩივრებენ და ეს ნიშნავს, რომ თავადაც ეთანხმებიან.
"ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა არ ასაჩივრებს და აღსრულებას იწყებ, ნიშნავს, რომ ეთანხმები გადაწყვეტილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, რომლებიც ძალადობის ქვეშ იყვნენ , არც ერთი წუთით, არ დარჩნენ ძალადობის მსხვერპლად. ამიტომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს მით უკეთესი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები სტრესისგან მაქსიმალურად თავისუფალნი უნდა იყვნენ გამოყვანის დროს.
ამ მოვლენებმა სტრესული გარემო შექმნა, რაც სამწუხაროა. ეს ყველაფერი თავიდან აცილებული იქნებოდა, თუ პანსიონის ხელმძღვანელობა უფრო ადრე დაეთანხმებოდა სახალხო დამცველის შესვლას"- აცხადებს ანა არგანაშვილი.
მისივე განცხადებით, პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანა უნდა მოხდეს.
"რადგან ჯერ ისევ არ უშვებენ იქ სახალხო დამცველს და არსებობს მაღალი რისკი, რომ ხდება ძალადობა ეს მოთხოვნა უცვლელია. პირველი აუცილებლობა არის ის, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს ყველა ბავშვის მიმართ.
ხშირად ისმის, რომ დიდი ინსტიტუციის ასე ხელაღებით დახურვა არასწორია, ამის კონტრარგუმენტია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა. ოჯახში ძალადობის დროს ველოდებით რამდენიმე თვე ან კვირა? ძალადობის თავისებურება ის არის, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. აქ რომ ძალდობის საფრთხე არ ყოფილიყო, სასამართლო არც გამოყვანის გადაწყვეტილებას მიიღებდა და საერთოდ სხვანაირად მოიქცეოდა"-განაცხადა ანა არგანაშვილმა.
მისივე განცხადებით, სახელმწიფო უნდა იყოს სამართლებრივი, რაც კანონში წერია ის უნდა აღსრულდეს, ეს არის მთავრი რეკომენდაციაც და ვალდებულებაც.
ანა არგანაშვილი ამბობს, კანონში წერია, რომ ბავშვთა უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს, მათ შორის სახალხო დამცველის შეშვებასაც.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მეუფე სპირიდონი. ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სწორი, მაგრამ იძულებულია დაემორჩილოს.
მისივე განმარტებით, ის სწორად მოიქცა, როცა სახალხო დამცველი პანსიონში არ შეუშვა, რადგან ესენი არიან ის ხალხი, რომლებიც პროპაგანდას უწევენ სოდომურ ცოდვებს.
სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, გუშინ , კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებთან გასაუბრებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ყველა არასრულწლოვანმა უნდა დატოვოს ეს ადგილი.
რაც შეეხება სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, ისინი ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობას აგრძელებენ.
ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.
სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.
"ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა. ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას"-აცხადებენ სააგენტოში.