დიასპორის ფორუმი

28 მაისი 2021, 12:00 813 ნახვა

თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთო ამოცანაა, გვყავდეს ძლიერი დიასპორა მთელ მსოფლიოში, რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ საქართველოს ნიშნავს.

„ჩვენ არაერთი მაგალითი შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი დიასპორის თვალსაჩინო წარმომადგენლების, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არამედ იმ ქვეყნების წინსვლასა და განვთარებაში, რომელ ქვეყნებშიც ისინი მოღვაწეობდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ დიდი პატივით გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც ემიგრაციაში მყოფი ქართველების თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ემიგრაციაში დაიბადა. წელს კი 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ, პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა

„პოლიტიკური ემიგრაციისთვის ემიგრაცია დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს, სიმბოლურად გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით. დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი, ახალი ემიგრაცია და ჩვენდა უნებურად საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობას და რა პოტენციალს ნიშნავს, როცა ჩვენი მოსახლეობის თითქმის მილიონ-ნახევარი ადამიანი საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გახსნა. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, წელს, ღონისძიება სემინარის ფორმატში ჩატარდება. ფორუმში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და 200-ზე მეტი დიასპორული ორგანიზაციაა ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი