ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
''ლელოს'' ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, საკუთარ ვერსიას გაიტანს, რომელიც ოპოზიციის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
„ვერ შევთანხმდით. ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე, რომელიც სრულ შესატყვისობაშია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. მათი ვერსიით, ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. ეს არის პირველი განსხვავება.
მეორე: ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის საჭირო. აქაც განსხვავებაა.
მესამე: ჩვენი პროექტით, საჭირო არ არის ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს. "ქართული ოცნების" შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს'' - განაცხდა ბადრი ჯაფარიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არის შეუთანხმებლობა.
„ოპოზიციური ჯგუფები ერთიან პოზიციაზე თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ ერთი ფაქტორი, თუ რატომ ვერ შევაჯერეთ პოზიციები დღეს, არის ის, რომ თვითონ ოპოზიციის შიგნით არის გაურკვევლობა. უფრო კონკრეტულად, „ლელოს" წარმომადგენლები ისეთ კატეგორიოულ მოთხოვნებს აყენებენ, რომელიც შარლს მიშელის დოკუმენტში გაწერილი ამნისტიის პროექტის არსს არღვევს. მათ კატეგორიული კრიტერიუმები აქვთ დაყენებული და გაზიარება რომც გვინდოდეს, შარლ მიშელის სულისკვეთებას დაარღვევს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.