26 მაისთან დაკავშირებით, ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება

25 მაისი 2021, 15:22 1619 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კანადაში ნიაგარას ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას კანადაში საქართველოს საელჩო „ფეისბუქით“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში - ტორონტოში.

"26 მაისს, ოტავას დროით საღამოს 9:45 სთ-ზე, კანადის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ნიაგარას ჩანჩქერი პირველად ქართული დროშის ფერებში განათდება.

კანადის მხარის ეს გადაწყვეტილება ემყარება ჩვენს საელჩოსა და ნიაგარას რეგიონს შორის ჩამოყალიბებულ ახლო საქმიან ურთიერთობებს. 2019 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა ნიაგარას კოლეჯის ღვინის ინსტიტუტთან: ინსტიტუტის უნიკალურ საცდელ ვენახს გასულ წლებში საფერავისა და ჩინურის ჯიშის ვაზი დაემატა. ინსტიტუტს საჩუქრად შევუძინეთ ქართული ქვევრი, რომლის მეშვეობითაც კანადელი სტუდენტები პრაქტიკულად შეისწავლიან ღვინის დაყენების უძველეს ქართულ მეთოდს.

წელს დაგეგმილი იყო ღვინის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი ჯგუფის საქართველოში ვიზიტი, რომელიც კანადაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთანავე შედგება. ნიაგარას ჩანჩქერის საქართველოს დროშის ფერებში განათებას საელჩო თავის Facebook-ის გვერდზე პირდაპირი ჩართვის მეშვეობით გააშუქებს;

26 მაისს, კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართება საქართველოს დროშა;

25 მაისს, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია პირველად გაიმართება კანადის ყველაზე დიდ ქალაქში – ტორონტოში. დროშა ტორონტოს მერიის თავზე აიწევა"- წერია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი