სოფელ ნაბეღლავში, "წყალი მარგებელის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა დამსაქმებელთან შეთანხმებას მიაღწიეს

25 მაისი 2021, 14:17 1611 ნახვა

დაბა ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში, საწარმო "წყალი მარგებელის” დაახლოებით, 70- მდე თანამშრომლის გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა.

დასაქმებულები 4 დღის განმავლობაში დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ.

გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მხარეები თითქმის ყველა პირობაზე შეთანხმდნენ.

"წყალი მარგებელის" კომპანია, რომელიც მინერალურ წყალ "ნაბეღლავს" აწარმოებს მზადაა, გაფიცულების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

ერთ-ერთი დასაქმებულის განცხადებით, დამსაქმებელმა  ხელფასის მატების, ასევე კვებითი რაციონის საკითხი მოაგვარა. სხვა პრეტენზია მათ არ გააჩნიათ და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „წყალი მარგებლის“ ხელმძღვანელობასა და ქარხნის თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა.

მათივე განმარტებით,  ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და პროდუქცია მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდება. 

"ყოველგვარი მესამე მხარის ჩართულობის გარეშე, უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. ჩვენ მომავალშიც ასეთი ერთიანი გუნდით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას, რათა ჩოხატაურში აშენებულმა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ქარხანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეროვნული ინდუსტრიის განვითარების საქმეში.

"წყალი მარგებლის" დირექტორი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა პირადად შეხვედროდა თანამშრომლებს, უახლოეს დღეებში აპირებს ნაბეღლავის ქარხანაში ჩასვლას, სადაც თითოეულ მათგანს შეხვდება.

კომპანია მზად არის თავისი თანამშრომლებისთვის შეთანხმებულ პირობებზე მეტი გააკეთოს"-აცხადებენ კომპანიაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი