დიმიტრი ჭეიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

25 მაისი 2021, 13:36 3697 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

''ვტოვებ "ქართულ ოცნებას"და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად'' - დაწერა ჭეიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

მისი თქმით, მიზეზი ბევრია. მათ შორის არის ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების გამო.  მაგალითად კი საკრებულოს აპარატის თანამშრომელი გია აბულაძე მოჰყავს, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს. 

''საკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის. რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არა ერთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება "ქართული ოცნების" აქტივსა და "ნაციონალური მოძრაობის"აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არის მიუღებელი.

მხედველობაში მაქვს, გუშინ მომხდარი ფაქტი ხულოს საკრებულოში, რასაც დღეს დაემატა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტის განთავისუფლება. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში "ქართული ოცნების" ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა'' - წერს დიმიტრი ჭეიშვილი. 

საკრებულოდან ჯანდაცვის კომისიის სპეციალისტის თქმით, ის ყოფილ პრემიერზე პოზიტიური სტატუსის გამოქვეყნების გამო გაათავისუფლეს. გია აბულაძის განმარტებით, გუშინ მოსთხოვეს, რომ სამსახური დაეტოვებინა, უარის მიღების შემდეგ კი დაითხოვეს. 

აჭარის რეგიონალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დიმიტრი ჭეიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე დღეს იმსჯელებენ. ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეა. 

რაც შეეხება გია აბულაძის გათავისუფლებას, მანველიძის განცხადებით, გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატში შიდა ადმინისტრაციული მოკვლევის საფუძველზე მიიღეს.

''გადავიდა გახარიას არ შექმნილ გუნდში იმის მაგივრად, რომ თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა და იმ მანდატით ესარგებლა, რომელიც ''ქართულმა ოცნებამ'' და ამომრჩეველმა მისცა. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის გარიცხულია პარტიიდან. დღეს შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე.

გარიცხული იყო პოსტის დაწერამდე, რადგან შიდა დესტრუქციით იყო დაკავებული. წინააღმდეგობაში მოდიოდა გუნდთან და ბევრ საკითხზე ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ხშირ შემთხვევაში შიდა დისციპლინას არღვევდა'' - განაცხადა გიორგი მანველიძემ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი