ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განმარტებით, ერთი თვის წინ დაახლოებით 90-მა მეზღვაურმა, ბათუმში ერთ-ერთი კომპანიის ოფისს მიმართა, სადაც მათ რეისში წასვლასა და დასაქმებას ჰპირდებოდნენ. მეზღვაურებს, აღნიშნულის სანაცვლოდ, 1500 დოლარიც მოსთხოვეს. ისინი მზად იყვნენ დასახელებული თანხა ეტაპობრივად გადაერიცხათ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნული თანხა ზოგმა ნაწილი, ზოგმა კი სრულად კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა. მეზღვაურები თურქეთში დღეს უნდა გამგზავრებულიყვნენ.
დაპირების თანახმად, მეზღვაურების სტამბულში ტრანსპორტირება თურქულ მხარეს უნდა განეხორციელებინა, სადაც ოფიციალურად გაუფორმდებოდათ ხელშეკრულება და მეზღვაურები გემებზე გადანაწილდებოდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ საბაჟოზე ავტობუსი არ დახვდათ და კომპანიის წარმომადგენელი კი კონტაქტზე არ გამოდიოდა.
"ხელშეკრულება კომპანიასთან არ გაგვიფორმებია. ისინი დაგვპირდნენ, რომ ოფიციალური ხელშეკრულება სტამბულში გაფორმდებოდა. ნაწილმა ბანკიდან სესხიც კი გამოიტანა, კომპანიის მხრიდან კი დასახელებული პირობა ასე შეასრულა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც მათ დახმარებას დაპირდა და მათგან თანხა აიღო.
აქციის მონაწილეები თაღლითური სქემის გამოძიებას, მომხდარზე სწრაფ რეაგირებას და თანხების დაბრუნებას ითხოვენ.
თემაზე აჭარის მაუწყებელი მუშაობს და ახალ დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.