ისრაელი ღაზის სექტორში საჰაერო ტავდასხმებს აგრძელებს

18 მაისი 2021, 14:39 939 ნახვა

ისრაელის არმიამ  ღაზის სექტორში  "ჰამასის" მაღალი რანგის 12 მეთაურის სახლი დაბომბა, მათ შორის სამზე იერიში დღეს დილით მიიტანეს.  ამ  სახლებში სამხედრო მოქმედებების კოორდინაციისთვის ოპერატიული შტაბები იყო განთავსებული. ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლიკვიდირებული ტერორისტების უმეტესობა დაჯგუფება „ჰამასის“ წევრი იყო. 10 მაისიდან დღემდე, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3 ათას 440 რაკეტა გაუშვეს. პალესტინურმა ორგანიზაციებმა, "ფათჰმა" და "ჰამასმა" ე.წ. რისხვის დღე გამოაცხადეს. ისინი მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ.  გაფიცვის ფარგლებში, ქალაქ ტირაში გზები გადაიკეტება.  ასევე დასავლეთ ნაპირზე, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზაში, პალესტინის სოფლებსა და ისრაელის ქალაქებში ყველა ეკონომიკური, სავაჭრო და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის მიტანას განაგრძობს. ბოლო  მონაცემებით, ისრაელში ვითარების ესკალაციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაშავდა. ღაზის სექტორში  დაღუპულია 200-ზე მეტი პალესტინელი და ათას 200-ზე   მეტი  დაშავებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში