ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ცესკო რეორგანიზაციაზე 

17 მაისი 2021, 15:52 1176 ნახვა

ცესკო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სტრუქტურული განახლებების შემდგომი ეტაპი კვლავ დეზინფორმაციისა და უსაფუძვლო ბრალდებების საგანი გახდა. ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მედიასაშუალებებში გავრცელდა დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

''გაჟღერდა არაერთი სიცრუე, თითქოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში გადავიდა შიდა აუდიტის მიმართულება, თითქოს პროფესიონალებს უშვებენ სამსახურიდან და აშ. 

მაშინ როდესაც შიდა აუდიტის მიმართულება  გაერთიანდა  იურიდიულ დეპარტამენტთან და მაშინ როდესაც არ იგეგმება არცერთი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება საკმაოდ მარტივია, თუმცა ცხადია, რომ ყოველგვარი მტკიცებულების  გარეშე ხორციელდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რისი მიზანიც არის არასწორი აღქმების ჩამოყალიბება  და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა'' - აცხადებენ ცესკოში. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებასაც. 

''გვსურს კონკრეტულად გამოვეხმაუროთ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ განცხადებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მეორე რეორგანიზაციისას მოხდა ახლად შექმნილი დეპარტამენტების კვლავ რეფორმირება. აღვნიშნავთ, რომ მარტის თვეში განხორციელებული რეორგანიზაციის თანახმად, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი, რომელსაც მიმდინარე, ახალ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ შეხებია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში ცვლილება არ შეხებია იურიდიულ, შიდა აუდიტისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებს, მაშინ, როდესაც მაისის თვეში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გაიყო შიდა აუდიტის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი, საიდანაც შიდა აუდიტის ფუნქცია გადავიდა იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო შრომის უსაფრთხოების ფუნქცია - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში'' - აცხადებენ ცესკოში. 

სრულად იხილეთ ლინკზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში