ბათუმის მეათე საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირის დაგვიანებით განახლდება.
ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ არდადეგების პერიოდში ბაღში 5 პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც რისკების თავიდან აცილების მიზნით სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით გადადეს.
თენგიზ აფხაზავას განმარტებით, მეათე ბაღის გარდა დღეს სააღმზრდელო პროცესი ყველა ბაღში განახლდა. მისივე ინფორმაციით, ბაღების პერსონალი სრულადაა ტესტირებული.
აფხაზავა ამბობს, რომ გუშინ, გეგმიური ტესტირების შედეგად კორონავირუსი 2 ბაღის თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა რადგან სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობდა ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ და ამას შეფერხება არ გამოუწვევია.
მისივე განმარტებით, პირველ დღეს აღსაზრდელთა გამოცხადება ძალიან დაბალია, დაახლოებით 30-35%.
"სავარაუდოდ ეს უკავშირდება მესამე ტალღას.
მე გავაუქმე ბრძანება და შევაჩერე ბაღებიდან ბავშვების ამორიცხვა. ის ოჯახები, რომლებსაც ეშინიათ პანდემიის გამო ბავშვების ბაღში გამოშვების შეუძლია მშვიდად იყვნენ. არცერთი მათგანის ამორიცხვა ბაღებიდან არ მოხდება"-განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.