ბათუმში მოზარდები პოლიციელებს მუქარაში ადანაშაულებენ - გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვები დაიწყო 

12 მაისი 2021, 12:00 4948 ნახვა

გენერალურმა ინსპექციამ არასრულწლოვნების საქმეზე დღეს, 13 მაისს, გამოკითხვები დაიწყო. სამართალდამცველები უკვე ესაუბრნენ მამაკაცს, რომელმაც მოზარდები აეროპორტის გზატკეცილიდან  სახლამდე მიიყვანა.  

გოჩა სურგულაძის თქმით, გენერალურ ინსპექციაში კითხვები დაუსვეს ავტომობილის მოძრაობის ტრაექტორიასთან დაკავშირებით, ასევე დაინტერესდნენ რა ინფორმაცია ჰქონდა მოზარდების შესახებ და რას საუბრობდნენ ისინი გადაადგილების დროს. 

გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ შესაძლოა გამოკითხვაზე ისევ დაიბარონ.

რაც შეეხება მოზარდებს, ისინი დაბარების მიუხედავად გენერალურ ინსპექციაში მისვლას არ აპირებენ. ასევე მათი ოჯახის წევრების განცხადებით, არც ჩივილს გეგმავენ და ამბობენ, რომ საჩივრის შეტანას აზრი არ აქვს. 

ბათუმში არასრულწლოვნები სამართალდამცველებს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებენ. მოზარდების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ, რა დროსაც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით ავტომობილით წაიყვანეს და აეროპორტის გზატკეცილზე დატოვეს. ადგილი ჰქონდა მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

''ძალით ჩაგვსვეს მანქანაში. იარაღით გვემუქრებოდნენ, გვეუბნებოდნენ 20 ტყვია გვაქვს და დაგაჭედებთო. ახსენებდნენ ჩვენი ოჯახის წევრებსაც. გვეუბნებოდნენ, რომ ასე ჭკუა უნდა გასწავლოთო. რატომ წაგვიყვანეს არ ვიცით, კომენდანტის საათი უკვე აღარ იყო'' - ყვებიან მოზარდები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მოკვლევას გენერალური ინსპექცია აწარმოებს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი