იყო მცდელობა, ჭყონდიდის ეპარქიის ინციდენტთან დაკავშირებით, საშინელი მონსტრი და დამნაშავე გამოვეყვანე, სინამდვილეში, მხოლოდ კრება ჩავატარე – ამის შესახებ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, არავის მიმართ არანაირი აგრესია არ ყოფილა.
მეუფემ 8 მარტს ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.
მისი თქმით, ეს არ იყო მედიისთვის განკუთვნილი საჯარო შეხვედრა. მას სურდა, რომ ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის სასულიერო პირები ერთად შეეკრიბა და ამ შეკრებაზე არსებული კითხვებისთვის პასუხები გაეცა.
„ვიცოდი, რომ იყო ერთი ჯგუფი, რომელსაც განზრახული ჰქონდა კითხვების დასმა და შევეცადე, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას. გვინდოდა ეს სამღვდელოების შეკრებაზე მომხდარიყო და ამაზე უკეთესი ტრიბუნა, სად იქნებოდა, როდესაც ადამიანს შიდა საკითხები გაქვს გასარკვევი. კითხვები გაქვს და პასუხები გინდა. დავიწყეთ ეს კრება, ვისაუბრეთ, კითხვები დასვეს, არ უნდოდათ, პასუხები მოესმინათ. დაიწყო ყვირილი, წივილი, კივილი. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არავითარი შიდა დაპირისპირება, ჩხუბის სახით არ ყოფილა. იყო სიტყვიერი შეკამათებები ერთმანეთის მიმართ. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, დამემშვიდებინა ყველა და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რამდენადაც შევძელი, მოვახერხე. შემდეგ როგორღაც, სიგნალი მიეცათ, შიგნიდან, გარედან და შემდეგ ერთობლივი შემოტევა წამოვიდა.
ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც საჯარო სივრცე არ არის, შემოიჭრა ამ ხალხის ნაწილი. ისინი იმ ადამიანების მიერ იყვნენ მოყვანილი, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ.
მერე მათი ხმის აწევა და იმათი ყვირილი შეერწყა ერთმანეთს, წავიდა ფანჯრების მტვრევა, გააღეს კარი, გადაცვივდნენ. მერე უნდოდათ, რომ ეს ჩემთვის დაებრალებინათ, რომ ჩემი ლოცვა-კურთხევით ვინმე იქ დაზიანდა, რომ მე ვუთხარი, დაეტაკეთ კარს, გადაყარეთ ისინი და ასე შემდეგ. იყო ისეთი მცდელობა, რომ მე რომ არ მქონოდა შიდა კადრები რეალურად რაც ხდებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა რამდენიმე ტელევიზიამ, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად" - დასძინა მეუფემ.
8 მარტს ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს აივნის მოაჯირი ჩამოინგრა, რის შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა.