დღს, 10 მაისს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მეუფე დიმიტრი ჩინური ''სინოფარმის'' ვაქცინით აიცრა.
ვაქცინის გაკეთებამდე მიტროპოლიტმა მედიკოსების შეკითხვებს უპასუხა. მეუფე დიმიტრიმ ვაქცინა ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
''სინოდის გადაწყვეტილებით და მიმართვით ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ეს ასე არის სხვა ქვეყნებშიც. როდესაც ყოველდღიურად, ნახულობ და განიცდი ამდენი ადამიანის დაღუპვას, როდესაც იცი, რომ ისტორიულად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა პანდემიის დასამარცხებლად, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ვლოცულობთ და უფალს ვევედრებით, რომ გვიხსნას უცნაური სიკვდილისაგან - ზედმეტი ფიქრის დრო თავისთავად აღარ არის.
მინდა ექიმებს მადლობა გადავუხადო იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც გაწიეს და მომავალშიც გასწევენ'' - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე დიმიტრიმ.
წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გიორგი ჩაჩავა პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირი იყო, ვინც საქართველოში საჯაროდ აიცრა.
ქვეყნის მასშტაბით, მეუფე დიმიტრი კი პირველი მაღალი იერარქიის სასულიერო პირია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.