ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ - ამირან გამყრელიძე

26 აპრილი 2021, 12:34 1486 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველომ და ბევრმა სხვა ქვეყანამ დააწესა შეზღუდვა ინდოეთიდან მომავალ მგზავრებთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპისთვის უცნობია ინდოეთში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკურირებს თუ ინდური.

''ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამიტომაც რიგმა ქვეყნებმა დააწესეს  შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე. აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის მუტირებული შტამი. საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად ''ბრიტანული შტამი'' ცირკურირებს. ყველა ეს შტამი ემორჩილება იმ ვაქცინას, რომელიც დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა მეტ-ნაკლები ეფექტურობით'' - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კი აცხადებს, რომ ინდური შტამი მასობრივი გავრცელების შემდეგ საქართველოშიც აღმოჩნდება. 

''საქართველო  მსოფლიოსგან იზოლირებული ვერ იქნება. საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. შესაბამისად ახლა პირდაპირი რისკები არ იქნება, როცა ყველგან გავრცელდება ჩვენთანაც იქნება. ქვეყანა ვერ ჩაიკეტება'' - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ინდოეთიდან ჩამოსულ მგზავრებს პისიარ ტესტის ნეგატიური პასუხის მიუხედავად 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. 

ინდოეთში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 352 991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში აღრიცხული კოვიდინფიცირებულების მსოფლიო ანტირეკორდია. გარდაიცვალა 2 812 ადამიანი. ვირუსს ინდოეთში სულ 195 123 პაციენტი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში