ბათუმის ბულვარის დირექტორს სოლიდარობას უცხადებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი დღეს ირაკლი ჯინჭარაძის მხარდასაჭერად აქციას გეგმავენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ. მათ წერილობითი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან ბულვარის დასაცავად გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო გათავისუფლეს, რაც სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბათუმის ბულვარის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით კრიტიკული მოსაზრების ჩახშობის ეს პირველი მცდელობა არაა და უკვე პრაქტიკად იქცა. ირაკლი ჯინჭარაძე ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. იგი ფაქტს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბულვარის სანაპირო ზოლის სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ გრძელვადიანი იჯარით გადაცემა გააპროტესტა. ამბობს, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო დასაჯეს, მიზეზად კი ორი წლის წინანდელი აუდიტის დასკვნა დაუსახელეს. ეკონომიკის მინისტრი კი ირწმუნება, რომ ირაკლი ჯინჭარაძე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მოტივით გათავისუფლდა.