მარტში მცენარეულ ზეთზე ფასი 8%-ით გაიზარდა და ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია - FAO

08 აპრილი 2021, 16:20 922 ნახვა

მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8%-ით გაიზარდა. ამავე თვეში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ახალი ანგარიში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის: რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - მარტში, გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა.

აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.1%-ით აღემატება და 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

3.9%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. 

თებერვალთან შედარებით, 2.3%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი.

FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი აჭარის მაუწყებელთან საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს რამაც აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ჯუბა მარუაშვილი ამბობს, რომ ტენდენცია არის მზარდი.

მისივე განმარტებით, ზეთზე ფასების ასეთი მატება ძირითადად განპირობებულია ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნით.

ხორცის ფასების ზრდა კი განპირობებულია მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსით, რაც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დინამიურობით ხასიათდება.

მისივე შეფასებით ფასების ცვლილებაზე ზეგავლენა მოახდინა პანდემიურმა პერიოდმა და სასურსათო მარაგების სიმცირემ.

ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს პირველადი წარმოების სტიმულირება, მაჩვენებლების ზრდა და სურსათის მარაგების ეფქტური მართვა.

"არ შეიძლება ვუგულებელვყოთ პანდემიური პროცესების შედეგად განვითრებული ტენდენციები. განსაკუთრებით მარაგებთან, ლოჯისტიკასთან არსებული გამოწვევები. რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფასებზე.

 

ამ შემთხვევაში პირველადი წარმოების სტიმულირება, მაჩვენებლების ზრდა და სურსათის მარაგების ეფქტური მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ეს რყევები მაქსიმალურად შევამციროთ და ნეგატიური გავლენა არ იყოს მაღალი სურსათის ფასებზე"-აცხადებს ჯუბა მარუაშვილი.

კვლევის თანახმად, ყველა სხვა პროდუქტისაგან განსხვავებით შემცირებულია, მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0%-ით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე პროდუქტის მაჩვენებლები, 2020 წლის ნიშნულს 26.5% (მარცვლეული) და 30%-ით (შაქარი) აღემატება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი