„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ინფორმაციით, მედიატორის არაერთი ვიზიტის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პროცედურის გამოყენებაზე უარი განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული როლი სწორედ პრეზიდენტს ჰქონდა.
მისივე განცხადებით, გუშინდელი შეხვედრის დროს, „ქართული ოცნების“ პოზიციაც საკმაოდ დესტრუქციული იყო და შეთანხმებაც ვერ შედგა.
''თვითონ ის ფაქტი, რომ შეწყალების პროცედურა არ არის გამოყენებული და „ქართული ოცნების“ ხისტი პოზიცია რურუასთან დაკავშირებით, ცალსახად ხაზს უსვამს და მიუთითებს, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ისინი ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ, თორემ დასავლეთი შეთანხმებულია იმაზე, რომ მიზეზი, რის გამოც ის ციხეში ზის, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მიზეზი და, რა თქმა უნდა, რეალურ დანაშაულთან ამას კავშირი არ აქვს.
მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, მოგეცათ შესაძლებლობა დაძრათ ყინულის წერტილიდან მოლაპარაკების პროცესი, არც დღეს არის გვიან, გთხოვთ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ვაშაძემ.