ვილი სანიოლმა ნაკრებში ''დინამო'' ბათუმის მეხუთე ფეხბურთელი გამოიძახა

29 მარტი 2021, 19:22 900 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გუნდში "დინამო" ბათუმის მეხუთე ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნულ ნაკრებს მესამე ტურის მატჩში საბერძნეთთან ირაკლი აზაროვი დაეხმარება.

19 წლის ფეხბურთელი მთავარ გუნდს დღეს შეუერთდა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 31 მარტს სალონიკში გაიმართება.

ფრანგმა სპეციალისტმა ვილი სანიოლმა გუნდში ირაკლი აზაროვი, ესპანეთთან მატჩში დისკვალიფიცირებული ლევან შენგელიას ნაცვლად გამოიძახა. ბათუმელთა მარცხენა მცველისთვის ეს ქვეყნის მთავარ გუნდში პირველი გამოძახებაა.

საქართველოს ნაკრებში ბათუმის "დინამოს" 5 ფეხბურთელია. შავიზღვისპირელთაგან მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გრიგოლ ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი და ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური იცავენ საქართველოს ნაკრების ღირსებას.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები გასვლაზე საბერძნეთთან ქალაქ სალონიკში გამართავს. მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მთავარი არბიტრის გამოცდილი შიმონ მარცინიაკის ხელძღვანელობით განსჯის. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში