ბათუმის საკრებულოს წევრის და მისი სიძის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს - გამჭვირვალობა

19 მარტი 2021, 12:52 1385 ნახვა

ბათუმის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის ყოფილი კომპანია „ტრეიდინგ სერვისი” ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პატარიძემ 2019 წლის იანვრიდან კომპანიის 50% წილი ბიზნესპარტნიორსა და სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, 2019-2020 წლებში „ტრეიდინგ სერვისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები კორუფციასთან დაკავშირებულ რისკებს აჩენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაარკვია, რომ ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირის ყოფილმა კომპანიამ 2019-2020 წლებში ელექტრონულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში 228,388 ლარზე მეტი ღირებულებების ხელშეკრულებები მიიღო, საიდანაც 143,426 ლარი ბათუმის მუნიციპალური ბაღების გაერთიანებაზე მოდის, ეს გაერთიანება კი, დებულების თანახმად, სწორედ ირაკლი პატარიძის კომისიის ზედამხედველობის ქვეშ მუშაობს - განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია „სამოქმედო სფეროში კონტროლს უწევს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს”. შესაბამისად, კომისია არა მხოლოდ მუნიციპალური სერვისის მიწოდების ხარისხის კონტროლს, არამედ ხარჯების მიზნობრიობას და კორუფციულ რისკებს უნდა იკვლევდეს.

"ირაკლი პატარიძემ „ტრეიდინგ სერვისი” სიძესთან (დის მეუღლე), გოჩა აბუსელიძესთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. გოჩა აბუსელიძე იყო პატარიძის პარტნიორი 2012 წელს დაფუძნებულ შპს Trading Service-შიც. ორივე კომპანია შემსყიდველ ორგანიზაციებს ჰიგიენისა და დასუფთავების პროდუქტებს სთავაზობდა და 2013-2018 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებისა და გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების შედეგად 969,297 ლარი მიიღო.

ჯერ კიდევ 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ კუთვნილი კომპანიების მიერ მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძემ 2018 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა. სწორედ ეს გახდა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მისი დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.

ბათუმის საკრებულოში ირაკლი პატარიძე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს, მანამდე 2016 წელს მან „ქართულ ოცნებას” 2000 ლარი შესწირა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ზემოხსენებული კვლევა 2018 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, 2019 წლის 8 იანვარს კი პატარიძემ ორივე კომპანიის („ტრეიდინგ სერვისსა” და Trading Service) 50-50% წილები სიძეს, გოჩა აბუსელიძეს აჩუქა, მათგან ერთ-ერთმა კომპანიამ - „ტრეიდინგ სერვისმა”, წინა წლების მსგავსად, მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილეობა განაგრძო"-აცხადებენ გამჭვირვალობა საქართველოში.

ორგანიზაციის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი პატარიძე კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, „ტრეიდინგ სერვისის” მეწილე აღარ არის, კომპანიის მიერ მუნიციპალური შესყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ირაკლი პატარიძის ამჟამინდელ თანამდებობას და შესაძლო გავლენებს უკავშირდება.

"ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ ირაკლი პატარიძემ ბიზნესპარტნიორ სიძეს კომპანიაში კუთვნილი წილები უსასყიდლოდ დაუთმო, რაც ფორმალური გადაფორმების შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, დაიწყონ მოკვლევა ბათუმის მუნიციპალური იურიდიული პირების მიერ წარმოებულ იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც „ტრეიდინგ სერვისის” გამარჯვებით დასრულდა"- აცხადებენ გამჭვირვალობაში.

ირაკლი პატარიძე კი ამბობს, რომ დეპუტატად არჩევის შემდეგ, კომპანიის 50% წილი გადააფორმა. მისი თქმით, აღნიშნული შპს კანონიერად მონაწილეობს ტენდერებში.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ბოლო პერიოდში კომპანიას მცირე შემოსავალი აქვს და წაგებაზე მუშაობს. 

''იქნებ კომპანიის აქტივებზეც გადაგეხედათ, ბოლო დროის მოგებაზე და წაგებაზე. ეს კომპანია ახლა როგორც ვიცი სრულიად წამგებიანია. ბოლო წლებია მოგებაზე ვერ გადის. ძალიან მცირე აქვს შემოსავალი და ბრუნვა. კომპანია დაარსების დღიდან ტენდერებში ღებულობს მონაწილეობას. რადგან მე საჯარო მოხელე ვარ უნდა შეწყვიტონ მუშაობა და საქმიანობა აღარ უნდა გააგრძელოს? 

ვერ გავიგე დარღვევა რაში მდგომარეობს თუ კომპანია კანონიერად ღებულობს ტენდერში მონაწილეობას. აქ საუბარია წელიწადში 10 და 15 000 ლარიან ტენდერებზე , რომელიც არაფერს არ ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ წლევანდელი წელი ჩავარდნილია და არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა და მოგებაზე ზედმეტია საუბარი. სად არის დარღვევა? რატომ იღებთ ჩემგან ინტერვიუს ეს მაინტერესებს? 

ჩემი ინტერესი იყო მანამ, სანამ გავხდებოდი დეპუტატი. დეპუტატი რომ გავხდი იმ წელს კანონით შესაძლებელი იყო ვყოფილიყავი რაიმე  შპს დამფუძნებელი. შემდეგ ეს კანონი შეიცვალა, გადავაფორმე ჩემი წილები, 50% წილის მფლობელი ვიყავი. რის გამოც დავჯარიმდი კიდეც ორჯერ და  ჯარიმაც  გადავიხადე'' - აცხადებს დეპუტატი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი