ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მაია მერკვილაძის და თეონა ხარაბაძის სარჩელზე იმსჯელა. მაია მერკვილაძე მაუწყებლის დირექტორის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომელიც მის წინააღმდეგ 2020 წლის 6 მარტს მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში მაუწყებლის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გამოიცა. რა დროსაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს გადაუდებელ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ახალი ამბების სამსახურის რედაქტორი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს. მაუწყებლის მეორე თანამშრომელი, თეონა ხარაბაძე მიიჩნევს, რომ მაუწყებლის დირექტორი მის საქმიანობაში ჩაერია, მოხდა უკანონო ზემოქმედება და დაირღვა შრომითი კანონმდებლობა.
მაუწყებლის განცხადებით თეონა ხარაბაძესთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა და მას კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაევალა.
მერკვილაძის სარჩელს მაუწყებელი უსაფუძვლოდ მიიჩნევს.