დანიელსონის დარჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა - ოპოზიცია მოლაპარაკებებზე

15 მარტი 2021, 11:31 804 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საუბარი ეხებოდა, იმ საკითხებს, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაუტოვა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. მათივე განცხადებით, დღესაც არის შეთანხმება, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც გარკვეული პროგრესი არსებობს ვერ ისაუბრებენ.

ისინი ელოდებიან, რომ მომდევნო დღეებში ჩაინიშნება ერთობლივი შეხვედრა "ქართულ ოცნებასთან".

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები მთავარი საკითხია, რომელზეც დანიელსონთან საუბრობენ.

"ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ მივაღწიოთ შედეგს და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ოპოზიციის მხრიდან არის სრული მზაობა ამისთვის"- განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტია "მოქალაქეების ლიდერი" აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგალითად, სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირება.

"ჩემი და ჩვენი პარტიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იცით, რომ ძალიან ნათელია- მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა რადგან დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ამაზე უარის თქმა და ამის გადაყოლება, თუნდაც ერთჯერადი ვადამდელი არჩევნებისთვის სწორი არ არის, ეს ავნებს ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩვენი პოზიცია, ამის შესახებ გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ევროპელი დიპლომატი ქვეყანაში დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც მხარეებს დასჭირდებათ. 

„რადგან დანიელსონი დარჩა, ეს არის მთავარი ამბავი ყველასთვის. დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი.

ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებებს. სინამდვილეში, ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკან არ გადადგა, ეს შეთანხმება ვერ შედგებაო - ეს არის მესიჯი, ანუ რეალურად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა, მაგალითად, ჩემთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული საკითხი აღმოჩნდა დღეს მაგიდაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შემოვლითი გზა, ანუ ყველა საკითხზე არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა, უბრალოდ მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯი უკან და თავის მომხრეებს აუხსნან თავისი პოზიციები“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება იქამდე იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ შედგება.

"ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ, რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა, გულწრფელად ვუთხრა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რაზეც თქვენგან გვაქვს მანდატი.

დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ შეთანხმებას ვერცერთი მხარე ვერ გაექცევა"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში