TV პირველის საქმე- შეფასებები

11 მარტი 2021, 14:51 1164 ნახვა

კომენტარი ღარიბაშვილის, ივანიშვილის და მისი რეჟიმის არის რეპრესიული ნაბიჯები — აცხადებენ ოპოზიციაში. ოპონენტების თქმით, სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით მოწოდებულია მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად.

ოპოზიციური პარტიები ტვ პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ერთხმად გმობენ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას ომი აქვს გამოცხადებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

"იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ საგამოძიებო ორგანოში დაიბაროს ყველა ის პირი ვინც ფიგურირებდა ამ ჩანაწერებში, სადაც აშკარად გამოიხატება შესაძლო დანაშაული. ამის მაგივრად გადაწყვიტენ შტურმი ტვ პირველზე მიიტანონ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ოფიციალურად ომი აქვს გამოცხადებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სახეზეა თუ როგორ მოქმედებს დღეს სასამართლო, რაც კიდევ ერთი სიგნალია, რომ საზოგადოებას რამდენად საშიშ რეჟიმთან აქვს საქმე.

"დღეს ვხედავთ ვითარებას, როდესაც გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს მხილებული ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ზეწოლა, მუქარა, არამედ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკისა და მათი პროგრესული საიდუმლოების წყაროების იძულებით გამხელის თაობაზე.

არც ერთ სხვა ვითარებაში არაფერი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად.

ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ უგულებლყოფითა და მათი დარღვევით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, მომავლისთვის და არა მარტო მედიისთვის, როგორ საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარტია "ლელოში" ამბობენ, რომ საქართველოს კანონდებლობა იცავს ჟურნალისტებს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათ აქვთ უფლება, რომ არ გასცეს წყაროს ვინაობა.

"მათ აქვთ უფლება არ გასცენ წყაროს ვინაობა, არ ითანამშრომლონ ნებისმიერ პროცესში თუნდაც სამართალდამცველებთან, რომლების მიმართული იქნება წყაროს დადგენისკენ.

შესაბამისად ის განჩინება, რომელიც სასამართლომ გამოიტანა არის კატეგორიულად მიუღებელი"- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.

"მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან, ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა კანონმორჩილი მხარე ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.

„სასამართლო აძლევს პროკურატურას უფლებას, რომ ძალით შეიჭრას? განჩინება არსებობს და ეს არის სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოაქვს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედებისთვის, რომ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს გამოძიებამ. ამიტომ ყველა ის მხარე, რომელიც არის კანონმორჩილი მხარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, მედიაც არის კანონმორჩილი მხარე, პირველ რიგში, ვალდებულია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია"-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი