საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა. ექსპლუატაციის მიზნით, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულ არასრულწლოვან შვილს, 2009 წელს დაბადებულ ნ.მ,-ს 2015 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით უწევდა შრომით ექსპლუატაციას. პ.მ. ნ.მ-ს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოწყალების მიღების თხოვნას და სხვადასხვა ნივთების გაყიდვას. ამასთან, სავალდებულოდ დაუწესა მისთვის ყოველ დღე 50 ლარის მიტანა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნ.მ-ზე ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით და აიძულებდა ანტისაზოგადოებრივი ქმედების (მოწყალების მიღების) გაგრძელებას. არასრულწლოვნის მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს კი თავად ისაკუთრებდა და განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ. პ.მ-ს მიერ ნ.მ-ს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმით, შრომითი ექსპლუატაციის განხორციელების შედეგად, ზიანდებოდა არასრულწლოვნის ჯანმრთელობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება. ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობის შემდეგ, პ.მ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
პ.მ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ჩადენილი იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში შეფარდებული აქვს პატიმრობა. შესაბამისად, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ", - წერია უწყების ინფორმაციაში.