მამებს დეკრეტული ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის საშუალება ექნებათ - რა ცვლილებები შევიდა კანონში

10 თებერვალი 2021, 17:02 26898 ნახვა

1 იანვრიდან ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების ახალი წესი ამოქმედდა.

ახალი წესის მიხედვით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ორ ნაწილად არის გაყოფილი: ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება და ბავშვის მოვლის გამო შვებულება.

1 იანვრიდან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება, როგორც ბავშვის დედას, ასევე მამასაც შეუძლია.

შეიცვალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებადი დღეების რაოდენობაც.

დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა, მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 143 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით.

ბავშვის მამა ასევე უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით.

დასაქმებული მშობლის - მამის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მისაღებად, სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებელია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს“ მიერ გაცემული ცნობა, იმის შესახებ, რომ ბავშვის მშობელი (დედა) არ არის მოქმედი საჯარო მოსამსახურე.

1 იანვრიდან დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა, შემდეგი პრინციპით:

ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში-ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა.

დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით.

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ ცვლილებამ საშუალება მისცა დეკრეტული შვებულებით მამებს ესარგებლა რაც აქამდე არ ხდებოდა. 

მისივე განცხადებით, უნდა შეცვლილიყო შვებულების ანაზღაურების საკითხიც, რაც არ გაითვალისწინეს.

"სამწუხაროდ ანაზღაურების წესსში არაფერი შეიცვალა. ცვლილება შევიდა მხოლოდ დეკრეტული შვებულების გამოყენების საკითხში. აქამდე დეკრეტული შვებულება გულისხმობდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას. ანუ დასაქმებულს, რომ ესარგებლა სამივე წინაპირობა უნდა ყოფილიყო სახეზე. კაცის შემთვევაში ორსულობა და მშობიარობა ვერ იქნებოდა, ამიტომ მამები ვერ სარგებლობდნენ დეკრეტული შვებულებით. კანონში ეწერა, თუმცა რეალურად სარგებლობა მამის მიერ შეუძლებელი იყო. ჩანაწერში იყო,  რომ მამას შეეძლო ამ მოდელით სარგებლობა თუ დედა გარდაიცვლებოდა. 

 

ახლა ცვლილების შედეგად გაიყო ჩანაწერი. ორსულობა, მშობიარობა ცალკე არის და ბავშვის მოვლა ცალკეა. დასაქმებულს მოთხოვნის საფუძველზე ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა. ხოლო ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება კი - 57 კალენდარული დღის ოდენობით. თუ დედას დღეების გარკვეული ოდენობა გამოუყენებელი დარჩება, მაშინ მამას შეუძლია ისარგებლოს დანარჩენით. რაც შეეხება ბავშვის მოვლის 57 დღეს აქ მშობლები წყვეტენ ისარგებლებს დედა თუ მამა.

რეალურად ეს არის ამ ცვლილების პლუსი, რომ ეს ორი პუნქტი გაიმიჯნა და მამა ჩაერთო ამ პროცესში. იყო რამდენიმე პრაქტიკა აქამდეც, რომ კაცმა ისარგებლა დეკრეტული შვებულებით, მაგრამ ეს უფრო კომპანიების კეთილი ნებით და არა იმიტომ, რომ კანონი ავალებდა.

მოქმედი წესის თანახმად ყველა დასაქმებული იღებს ერთჯერად 1000 ლარიან დახმარებას. 1000 ლარის მიღმა, თუ ადამიანს საჯარო მოხელის სტატუსი აქვს, მასზე გაიცემა კომპენსაციაც. ანუ საჯარო მოხელე ფაქტიურად არაფერს არ კარგავს და იღებს, რასაც მიიღებდა, რომ ემუშავა. დანარჩენთან მიმართებით არის მხოლოდ 1000 ლარიანი დახმარების ვალდებულება. დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდის უფლება არ აქვთ და მშობელი იძულებულია 6 თვის მერე დაუბრუნდეს სამსახურს. აქ გვქონდა მოთხოვნა, რომ ეს სხვაობა გათანაბრებულიყო, თუმცა გათვალისწინება არ მოხდა. ჩათვალეს, რომ მძიმე ტვირთად დააწვებოდა ბიუჯეტს"- განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი