„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა. ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით) მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.
დღეს უკვე, 8-პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის განუყოფელი ნაწილია.
ამასთან დაკავშირებით, ცესკო-მ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-მ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად აცდენილია ცესკო-ს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება.
მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკო-სთან, შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად“, - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.