საქართველომ რუსეთის წინააღდმდეგ 12 წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში გაიმარჯვა - იუსტიციის მინისტრი

21 იანვარი 2021, 15:20 896 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 12 წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 

გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, დადგინდა, რომ  2008 წლის ომის პერიოდში რუსეთმა კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

''2018 წლის 23 მაისს, სტრასბურგის სასამართლოში ომის საქმეზე ბოლო მოსმენისას ჩვენ დაგპირდით, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ამ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნებოდა. დღეს, შემიძლია განვაცხადო რომ ეს დაპირება შესრულებულია და საქართველომ გაიმარჯვა 12 წლიან სახელმწიფოთა შორის დავაში.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს  გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ  რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და  აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე მას პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე. 

შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში