ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი - თორნიკე რიჟვაძე

18 იანვარი 2021, 22:16 1557 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასტანდარტული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ქარხანას უკვე მიღებული და გადამუშავებული აქვს 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა კვლავ გრძელდება.

რაც შეეხება სტანდარტულ მანდარინს, უკვე ექსპორტირებულია 35 435 ტონა, რაც გასულ წელთან შედარებით 22% -ით მეტია.

"პანდემიის მიუხედავად, რეალიზებულია 10 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული მანდარინი. ექსპორტზე გატანილია 35 000 ტონაზე მეტი ციტრუსი. გრძელდება სუბსიდირების პროგრამა არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ თვის ბოლომდე შევძლებთ როგორც ლოჯისტიკის, ასევე რეალიზაციის და ექსპორტის ნაწილში ყველა ფერმერს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად მოახდინოს მოწეული მოსავლის დაბინავება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში