პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება ექვემდებარება კონტროლს - იუსტიციის მინისტრი

06 იანვარი 2021, 13:19 898 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განმარტა, რომ ქალთა დაწესებულებაში, პისიარ ტესტირების დროს ვირუსი დაუდასტურდა 23  პატიმარს, ისინი უსიმპტომოები არიან და იზოლირებულად იმყოფებიან. 

''მინდა გამოვეხმაურო დეზინფორმაციას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მინდა ყველა დაგამშვიდოთ იმიტომ, რომ ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. ყველა ის კონტროლის მექანიზმი რაც ემსახურება კოვიდ ვირუსის პრევენციას, მის გამოვლენას და მართვას კვლავ  ეფექტურად მოქმედებს. ეს აღინიშნება იმ გატარებულ ღონისძიებებში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა.

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ინტენსიური პისიარ ტესტირება. 31 დეკემბრიდან დაიწყო და გეგმაზომიერად მივყვებით. პირველ რიგში ამას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა პასუხი უარყოფითი იყო. შემდეგ ქალთა დაწესებულებაზე გადავედით, სადაც 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. 

ყველა მათგანი იზოლირებულია, მათი კონტაქტები, თანამესაკნეები არიან იზოლირებული. ყოველ ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა კვლავ ეფექტურად ფუნქციონირებს.

არავითარი საფუძველი იმ აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის არ არის. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ  9000-მდე ადამიანის წინაშე და ასევე მათი ოჯახების წინაშე.  შეშფოთების მიზეზი არ არსებობს'' - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი