საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში დაუდასტურეს.
ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება. მას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა ბრიტანეთში არ ყოფილა.
უწყებაში აცხადებენ, რომ კონტაქტების მოძიება დასრულებულია და აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან.
''სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია. პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც'' - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.