სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს - თ.პ.-ს იარაღის მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობი - 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.