უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე - ოპოზიციის სიმბოლური ისტორიული დოკუმენტი

15 დეკემბერი 2020, 12:42 1336 ნახვა

ამ წუთებში, აჭარის მთავრობის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხელს აწერენ დოკუმენტს, რომლითაც უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და ასევე აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. 

​''ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში, უსკოს შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვამბობთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადება საბჭოში შევა უსკოს-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე. აქვე მივმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი სიები'' - წერია დოკუმენტში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით ისინი გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ აპირებენ. 

''42 დღეა თავისუფლების კვარტალში პროტესტი მიმდინარეობს. ეს აქციები მიმდინარეობს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა უბრალოდ სხვა გზა არ დატოვა. 31  ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს, არჩევნების გარდა. თავზე გადაგვახია მთელ ერს არჩევნები და არჩევანის უფლება. არ შეიძლება ამ არჩევნების ლეგიტიმურად ჩათვლა და  გაყალბებული არჩევნების აღიარება. დღეს არის სიმბოლური დღეს. უმაღლესი საბჭო აპირებს, რომ ამ გაყალბებული არჩევნების დაკანონება შეძლოს და უფლებამოსილების ცნობა გააკეთოს, ხოლო ჩვენ აქ ოპოზიციის ყველა წევრი უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის ნაბოძებ მანდატებზე უარს ვამბობთ და არ ვაპირებთ უმაღლეს საბჭოში შესვლას. უარს ვამბობთ, იმიტომ რომ ვიცავთ ქართველი ხალხის არჩევანს'' - აცხადებს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი გიორგი კირთაძე. 

ასევე არის მეორე დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოაწერენ ბლოკში შემავალი იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. მათი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში საარჩევნო ბლოკიდან – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ გაიმარჯვეს: 

1. ბაგრატიონი ელგუჯა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

2. კირთაძე გიორგი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

3. აბულაძე გია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“);

4. ვასაძე მედეა 

5. ანთაძე ლევან 

6. ჩავლეიშვილი ირაკლი (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);

7. სურმანიძე მამული („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“)

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი