ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჯანდაცვისა და თავდაცვის მინისტრებმა მოინახულეს. დავით სერგეენკო ადგილზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან ერთად მივიდა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნო. დაშავებული 4 ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადაყვანილი, სტაბილურია. მედიკოსების ინფორმაციით, ერთი დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა, 2 სამხედრო მოსამსახურე თავის ტვინის შერყევით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას, ხოლო ერთი - თორაკოქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28 სამხედრო გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. უწყების ცნობით, შედარებით მძიმედ დაშავებული 8 სამხედრო თბილისშია გადაყვანილი.