"მოდერნას“ COVID-19-ის ვაქცინამ 94-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა

30 ნოემბერი 2020, 19:16 872 ნახვა

კლინიკურმა ცდებმა დაადასტურა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მოდერნას“ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა, 94,1 პროცენტით ეფექტიანია.

"მოდერნა" მეორე კომპანიაა, რომელიც პირველადი შედეგების საფუძველზე აშკარად წარმატებული ვაქცინის შესახებ იუწყება, რაც ჰორიზონტზე პანდემიის დასასრულის გამოჩენის ახალ იმედს აჩენს.

ვაქცინის ტესტირებისას, მკვლევრებმა ცდებში მონაწილე მოხალისეთა ერთ ნაწილს ვაქცინა გაუკეთეს, მეორე ნაწილს კი პლაცებო, შემდეგ კი ორივე ჯგუფს დააკვირდნენ, იმის გასარკვევად, თუ რამდენი მათგანი დაინფიცირდა.

მოდერნას კვლევაში 30 ათასმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. საკონტროლო ჯგუფში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა. ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 ადამიანს გამოუვლინდა. მათ კი, რომელთაც მარილწყლის პლაცებო გაუკეთეს, იქედან 185 პირი დაინფიცირდა. სტატისტიკურად, ორ ჯგუფს შორის განსხვავება ძლიერ დიდი აღმოჩნდა. კომპანიის თქმით, შედეგები იმაზე უკეთესია, ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლოთ.

„ეს პოზიტიური პირველადი ტესტი ადასტურებს ჩვენი ვაქცინის შესაძლებლობას, თავიდან აიცილოს COVID-19 დაავადება 94,1 პროცენტიანი ეფექტურობით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინა გახდება მძლავრი ახალი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პანდემიის მიმდინარეობა”, – აცხადებენ კომპანიაში.

ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ ავტორიზაციის მოთხოვნით ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას და ევროპის შესაბამისს ორგანოებს დღეს მიმართავენ.

ამ ეტაპზე Moderna-ს პრეპარატი Pfizer-სა და AstraZeneca- სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ლიდერთა სამეულში შედის. ამ სამიდან ყველაზე იაფი AstraZeneca-ს ვაქცინაა, რომლის ერთი დოზის ღირებულება 4 აშშ დოლარია. Pfeizer-ის ვაქცინის დოზის ფასი 20 დოლარს შეადგენს, Moderna-თი აცრა კი მსურველებს სულ მცირე 33 დოლარი დაუჯდებათ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ AstraZeneca-ს ეფექტიანობა 62-90%-ს შეადგენს, Pfeizer-ისა და Moderna-ს შემთხვევებში კი ეს მაჩვენებელი 94%-ზე მაღალია.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ცნობით, იმისათვის, რათა მოხმარებისთვის დამტკიცდეს, კორონავირუსის ვაქცინა სულ მცირე 50 პროცენტით ეფექტიანი უნდა იყოს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში